ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის, ქეთევან გოგილაშვილის ხელმძღვანელობით, სტომატოლოგიის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებაში, ენდოდონტიაში, ახალი ორტომეული სახელმძღვანელო გამოიცა. ნაშრომი, რომელიც მრავალწლიან კლინიკურ გამოცდილებასა და თანამედროვე კვლევებს ეფუძნება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მიერ უკვე დამტკიცებულია ოფიციალურ სახელმძღვანელოდ.
სახელმძღვანელოს შექმნაზე მუშაობდა ავტორთა გუნდი, რომლის შემადგენლობაში არიან თსუ-ს თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი, ამავე კათედრის მოწვეული პედაგოგი მარიამ ხარძიანი, ასევე სოფიო სამხარაძე (ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი), მარიამ ქურციკიძე და ნინო ნებიერიძე (სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”).
წიგნის პრეზენტაცია 2025 წლის 11 ივლისს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის 21-ე საერთაშორისო კონგრესზე გაიმართა და სამეცნიერო საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა.
თსუ-ს პროფესორი, ქეთევან გოგილაშვილი, აღნიშნავს, რომ ეს გამოცემა მენტორისა და ახალგაზრდა კოლეგების წარმატებული თანამშრომლობის შედეგია: „ეს წიგნი ჩემთვის არა მხოლოდ ცოდნის გაზიარებაა, არამედ ერთგულებისა და ურთიერთპატივისცემის ისტორია — ისტორია, რომელიც ნიჭიერ და შრომისმოყვარე ახალგაზრდა ავტორებთან ერთად შევქმენი. მიხარია, რომ მათ წარმატებაში, ავტორობის გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯებში ჩემი წვლილი შევიტანე. ვამაყობ, რომ ეს გზა ერთად ღირსეულად გავიარეთ.“
პროფესორი გოგილაშვილი განსაკუთრებით ამაყობს ახალგაზრდა ავტორების პროფესიული წინსვლით და ხაზს უსვამს, რომ „ეს წიგნი არის მტკიცებულება იმისა, რომ სწორად დანახული და გაზრდილი თაობა მზად არის, პასუხისმგებლობა აიღოს პროფესიის მომავალზე!“
ენდოდონტიის ახალი ორტომეულის გამოცემა მნიშვნელოვანი წვლილია ქართული სამედიცინო განათლებისა და ლიტერატურის განვითარებაში და წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთ წარმატებას სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებით.